აშშ-ს ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ მსოფლიო ბაზრების მომარაგების მიზნით, შესაძლოა ირანულ ნავთობზე სანქციები მოხსნან
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, ირანული ნავთობის სანქციები მოხსნას მსოფლიო ბაზრების მომარაგების მიზნით“, – ამის შესახებ აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა. ბესენტის თქმით, გლობალური მომარაგებისთვის შესაძლოა, სტრატეგიული ნავთობის რეზერვიდან კიდევ ერთი მიწოდება განხორციელდეს.
სანქცირების გაუქმება ფაქტობრივად ნიშნავს ევროპასა და სხვა რეგიონებში ნედლი ნავთობის შეზღუდული რაოდენობის ღიად გაყიდვის დაშვებას. ნავთობის ამ ახალმა ნაკადმა შეიძლება, სწრაფად გაზარდოს გლობალური მიწოდება იმ დროს, როდესაც სპარსეთის ყურის რეგიონში კონფლიქტის დროს მრავალი ნავთობობიექტი დაზიანდა, რაც წარმოებას აფერხებს.
CNN-ის თანახმად, ირანული ნავთობის ძირითადი ნაწილი ამჟამად, ჩინეთში იგზავნება, თუმცა ირანული ნავთობის „ჩრდილოვანი ფლოტები“ სხვა ქვეყნებში მიედინება და სანქციებს გვერდს უვლის.
ირანის ნავთობი ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში, პერიოდულად სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი, სრული სანქციები ბოლოს, 2018 წელს დააწესა. ეს ნაბიჯი ამერიკის მიერ 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლას უკავშირდებოდა.