აშშ რუსეთის 6 მოქალაქეს უკრაინისა და NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგ კიბერთავდასხმაში სდებს ბრალს
ამერიკის ხელისუფლებამ რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს 5 ჩინოვნიკს და ერთ სამოქალაქო პირს უკრაინისა და NATO-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ კიბერთავდასხმის ბრალდება წაუყენა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, რუსები მონაწილეობდნენ შეთქმულებაში, „რომლის მიზანსაც უკრაინის მთავრობის კომპიუტერულ შეღწევა, მონაცემების მოპოვება და ინფორმაციის გაჟონვის ორგანიზება წარმოადგენდა“. ამასთან, ამერიკული მხარის თქმით, ჰაკერების მიზანს წარმოადგენდა უკრაინული კომპიუტერული სისტემების დაზიანება.
„აღნიშნულმა პირებმა აგრეთვე კიბერშეტევები განახორციელეს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერდნენ უკრაინას, მათ შორის არის შეერთებული შტატები და NATO-ს წევრი სხვა 25 ქვეყანა“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, კიბერდანაშაული სავარაუდოდ, უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ სრულმასშტაბიან ომს.