Loading data...
აშშ ნატოს მომავალ სამიტში უკრაინისა და კიდევ 4 ქვეყნის მონაწილეობას ეწინააღმდეგება

აშშ ზეწოლას ახორციელებს თავის მოკავშირეებზე, რათა უკრაინამ და აზია - წყნარი ოკეანის რეგიონის 4-მა ქვეყანამ - ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ ნატოს მომავალ სამიტში მონაწილეობა არ მიიღონ. სამიტი ივლისში თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართება. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ ნატოს განიხილავს როგორც ევროატლანტიკურ თავდაცვით კავშირს და სურს მისი გაფართოების, ასევე კრიზისული სიტუაციების მართვის როლი დასრულდეს.

აშშ-ის ამ ზეწოლის მიუხედავად, ჯერჯერობით დანამდვილებით არ არის ცნობილი, მიიღებს თუ არა უკრაინა და კიდევ ოთხი ქვეყანა ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტში მონაწილეობას ან ისინი რაიმე სხვა ღონისძიებებს დაესწრებიან.

Politico-ს ერთ-ერთი წყაროს ცნობით, წელს სამიტის პარალელურად ნატოს თავდაცვითი მრეწველობის ფორუმის ჩატარება იგეგმება. ალიანსის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს შეხვედრა აუცილებელია, რათა შემცირებული  რესურსების პირობებში ხარჯების შემცირება მოხდეს.

ამასთანავე, დიპლომატიური წყაროები იუწყებიან, რომ თავდაცვითი მრეწველობის წარმომადგენელთა ფორუმის ჩატარების აუცილებლობა გამოწვეულია ვაშინგტონის კამპანიით, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსების შემცირებას გეგმავს.

ზოგადად, ექსპერტები თანხმდებიან, რომ აშშ-ნატოს ურთიერთობები გარკვეულ კრიზისს განიცდის და ალიანსმა უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ გაგრძელდება მათი თანამშრომლობა მომავალში.