Loading data...
აშშ ნარკოდილერებს მოკლავს, რომლებსაც ვენესუელიდან ამერიკაში ნარკოტიკები შეაქვთ - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყველა იმ ნარკოდილერს მოკლავს, რომლებსაც ვენესუელიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოტიკები შეაქვთ. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, მიმართავს თუ არა ის კონგრესს ვენესუელისთვის ომის გამოცხადების თხოვნით, ტრამპმა უპასუხა, რომ არ არის აუცილებელი ვენესუელასთან ომის დაწყება.

„ჩვენ უბრალოდ ყველას მოვკლავთ, ვისაც ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკები შეაქვს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვენესუელით „ძალზე უკმაყოფილოა“. ამასთანავე, ტრამპმა სიცრუე უწოდა The Wall Street Journal-ში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკული ბომბდამშენები B-1 ვენესუელის საზღვრის სიახლოვეს გამოჩნდნენ.

მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამერიკულმა სამხედრო ხომალდებმა რამდენჯერმე ააფეთქეს გემები, რომლებიც ვენესუელის ნარკოკარტელებთან იყვნენ დაკავშირებულები. ბოლო ასეთი შეტევის დროს, ტრამპის ინფორმაციით,  სამი ნარკოტერორისტი იყო განადგურებული. ამასთანავე, აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან გემების ესკადრა განათავსა, ასევე პუერტო-რიკოს საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავები განალაგა და ეს ქმედებები ნარკოვაჭრობასთან ბრძოლის სურვილით ახსნა.