Loading data...
აშშ მთვარეზე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრი, შონ დაფი, რომელიც შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ნაციონალური სააგენტოს (NASA) უფროსის თანამდებობასაც ასრულებს, მიმდინარე კვირას აპირებს გეგმის შესახებ განცხადების გაკეთებას, რომლის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატები მთვარეზე ბირთვული რეაქტორის აშენების დაჩქარებას გეგმავს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

აშშ ცდილობს დაასწროს ჩინეთს და რუსეთს, რომლებსაც ასევე მსგავსი გეგმები გააჩნიათ. NASA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პირველი ქვეყანა, რომელიც მთვარეზე ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს, აკრძალულ ზონას შექმნის, რომელიც შემდეგ შეერთებული შტატების საქმიანობას შეზღუდავს.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, NASA-მ 60 დღის განმავლობაში პროექტის ხელმძღვანელი უნდა დანიშნოს და მთვარეზე 2030 წლისთვის 100-კილოვატიანი ბირთვული რეაქტორის ამოქმედების შესახებ კომპანიებისგან შეთავაზებები მიიღოს. მანამდე გეგმები ნაკლებად ამბიციური იყო - 2022 წლიდან სააგენტო მთვარეზე 2030 წლის შემდეგ 40-კილოვატიანი რეაქტორის შექმნის კვლევებს აფინანსებდა.

ასევე დაფი გეგმავს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის შეცვლას რამდენიმე კომერციული კოსმოსური სადგურით. სააგენტო დაინტერესებულ კომპანიებთან კონტრაქტს ნახევარი წლის განმავლობაში მოაწერს ხელს. პროექტში ჩართვის ინტერესი გამოთქვეს კომპანიებმა Axiom Space-მა, Vast-მა და Blue Origin-მა. ამ პროექტების დახმარებით აშშ-მა შეიძლება მთვარის და მარსის ათვისების საკითხში ჩინეთს გაასწროს. NASA-ში ამბობენ, რომ საუბარია „მეორე კოსმოსურ რბოლაში გამარჯვებაზე“.