Loading data...
აშშ-მა უნგრეთს უვიზო რეჟიმის პროგრამაზე დაწესებული შეზღუდვები მოუხსნა

აშშ-მა უნგრეთს უვიზო რეჟიმი აღუდგინა, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს, ჯო ბაიდენის მიერ, 2023 წელს იყო შეჩერებული. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების სამინისტრომ განაცხადა.

მედიის ცნობით, უვიზო რეჟიმის პროგრამა დაახლოებით 40 ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, შეერთებულ შტატებში ვიზის გარეშე 90 დღემდე იმოგზაურონ.

„ახლა, როდესაც უნგრეთის მთავრობამ განახორციელა ის ღონისძიებები, რომელსაც აშშ-ის მთავრობა მოითხოვდა უსაფრთხოების სფეროში ხარვეზების აღმოსაფხვრელად, წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა“, - ნათქვამია უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში. 

როგორც მედია წერს, ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი პირველი ხელშესახები ნიშანია შეერთებულ შტატებსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისა ტრამპის ადმინისტრაციის დროს, რომლის დიდი ხნის მოკავშირეც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია.