აშშ-მა უკრაინისთვის 2,7 მლრდ დოლარის შეიარაღების მიყიდვას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის შეიარაღების მიყიდვის და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მოდერნიზაციას. პროექტის ღირებულება 2,68 მლრდ დოლარია. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ ეს შეთანხმება კიევსა და ვაშინგტონს შორის ხელმოწერილი იქნება, უკრაინა ამ თანხებს ევროპული და აშშ-ის სამხედრო დაფინანსების წყაროებიდან დაფარავს.
მანამდე უკრაინამ აშშ-ს მიმართა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მოდერნიზაციაში დაეხმაროს. ასევე კიევმა მოითხოვა რაკეტები S-300 Clone, GAM-67, ასევე ლაზერული დამიზნების მქონე საზენიტო სისტემები. უკრაინამ ასევე აშშ-ს სთხოვა, რომ დრონებთან საბრძოლველად რადიოსალოკაციო სადგური RPS 202 გადასცეს.
სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ შეთანხმების განსახორციელებლად ამერიკას უკრაინაში მთავრობის და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენელთა გაგზავნა მოუწევს.