აშშ-მა შესაძლოა ირანს 24 საათის განმავლობაში დაარტყას - Reuters
„ირანი დონალდ ტრამპს, დარტყმის შემთხვევაში, შურისძიებით ემუქრება, აშშ-ს კი, ახლო აღმოსავლეთის ბაზებიდან პერსონალი გაჰყავს. ისრაელის შეფასებით, აშშ იერიშისთვის ემზადება“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters.
ირანის ხელმძღვანელობა ცდილობს, ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია ისე ჩაახშოს, რომ აშშ-ის ჩარევა საჭირო არ გახდეს. ოფიციალურმა თეირანმა მეზობელი ქვეყნებიც კი გააფრთხილა, რომ ვაშინგტონის დარტყმის შემთხვევაში, აუცილებლად დაბომბავს ამერიკულ ბაზებს.
პარალელურად, ვრცელდება დონალდ ტრამპის განცხადებებიც, სადაც თეთრი სახლის ლიდერი ანტისამთავრობო მომიტინგეებს მხარს აქტიურად უჭერს.
როგორც Reuters-ის მიერ გავრცელებულ სტატიაშია ნათქვამი, ევროპელი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის ხელმძღვანელი ირანს უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაარტყამს. ასევე, ისრაელის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ დონალდ ტრამპი მასშტაბური შეტევისთვის ემზადება, თუმცა მისი განხორციელების დრო ჯერჯერობით, უცნობია.