აშშ-მა ოფიციალურად დაადასტურა სამხედრო დელეგაციის კიევში ვიზიტი
ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნების დელეგაცია კიევში ჩავიდა და უკრაინულ მხარესთან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული „ომის დასრულების მცდელობების“ განხილვას გეგმავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის არმიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა დევიდ ბატლერმა განუცხადა.
ბატლერის თქმით, უკრაინაში აშშ-ის არმიის მდივნის, დენ დრისკოლის, არმიის დეპარტამენტის შტაბის უფროსის, გენერალ რენდი ჯორჯის და სხვა სამხედრო წარმომადგენლების შემადგენლობით დელეგაცია ჩავიდა.
„დრისკოლი და მისი გუნდი 19 ნოემბერს კიევში ჩავიდნენ, რათა შეხვდნენ უკრაინელ ოფიციალურ პირებს და განიხილონ ომის დასრულების გზები“, - დასძინა მან.
განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, უკრაინული მხრიდან კონკრეტულად ვისთან იყო დაგეგმილი შეხვედრები. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება.