აშშ-მა მესამე ქვეყნებში საიდუმლოდ 25 ათასი მიგრანტის დეპორტაცია განახორციელა - Forbidden Stories
ჟურნალისტი-გამომძიებლების საერთაშორისო კონსორციუმის ცნობით, დონალდ ტრამპის ხელისუფლებამ მესამე ქვეყნებში საიდუმლოდ 25 ათასი მიგრანტის დეპორტაცია განახორციელა. ამისთვის ვაშინგტონმა 410 მლნ დოლარი გამოყო. ინფორმაცია ჟურნალისტურმა ქსელმა Forbidden Stories-მა გაავრცელა საგამოძიებო პროექტის Deportation Project-ის ფარგლებში.
დეპორტირებულთა უმეტესობა - 20 ათასი ადამიანი ავტობუსებით მექსიკაში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენები - ლათინური ამერიკის, კარიბის ზღვის, აფრიკის, ცენტრალური აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის 27 ქვეყანაში თვითმფრინავებით გააგზავნეს.
გამოძიების ავტორები წერენ, რომ აშშ-მა 38 ქვეყანასთან საიდუმლო შეთანხმება გააფორმა მიგრანტების დეპორტაციის შესახებ. მათი მესამედი - აფრიკული ქვეყნებია. ამ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებაზე და ფულის გადახდაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რემიგრაციის ბიუროა პასუხისმგებელი, რომლის შესახებ ძალზე ცოტა ინფორმაცია არსებობს. ეს სტრუქტურა 2025 წლის მაისში შეიქმნა და მას 41 წლის დიპლომატი კრისტიან ერჰარდტი ხელმძღვანელობს.
რემიგრაციის პროგრამაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია არის ჩართული, რომელიც გაეროს სტრუქტურაში შედის. ის 13 ქვეყანაში დეპორტირებულ ადამიანებს საცხოვრებლით და საკვებით უზრუნველყოფს, ასევე ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამ პროგრამებში მხოლოდ იმ შემთხვევაში მონაწილეობს, თუ მისი დახმარება დეპორტირებული ადამიანების მდგომარეობას აუმჯობესებს.