აშშ-მა ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით 30 000-ზე მეტი დოკუმენტი გამოაქვეყნა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა გარდაცვლილი ფინანსისტის ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული 33 295-გვერდიანი მასალა თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა.
როგორც CNN აღნიშნავს, გამოქვეყნებული ფაილები მოიცავს ფრენის ჩანაწერებს, სასამართლო დოკუმენტებს, ციხის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, რედაქტირებულ ჩანაწერებს, განცხადებებსა და მემორანდუმებს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.
მანამდე კი, კომიტეტის წევრმა „დემოკრატებმა“ განაცხადეს, რომ იუსტიციის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი მასალის დიდი ნაწილი ადრეც ხელმისაწვდომი იყო.
„განხილვის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის „დემოკრატებმა“ დაასკვნეს, რომ იუსტიციის დეპარტამენტიდან მიღებული დოკუმენტების 97% უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო. არსად არის ნახსენები კლიენტების სია ან რაიმე ისეთი, რაც გამჭვირვალობას შესძენს ან სამართლიანობას გაზრდის მსხვერპლთათვის“, - აცხადებს დემოკრატი რობერტ გარსია.
ინფორმაციისთვის, ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს.
მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც დასავლური მედია წერს, სასამართლო ექსპერტიზამ მისი გარდაცვალება თვითმკვლელობად მიიჩნია, თუმცა ინციდენტთან დაკავშირებულმა გარემოებებმა შეთქმულების მრავალი თეორია წარმოშვა.