Loading data...
აშშ-მა ირანში პროტესტის ჩახშობისთვის პასუხისმგებელი პირები დაასანქცირა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანელი ოფიციალური პირებისა და „ჩრდილოვანი საბანკო“ ქსელების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა.

როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, დასანქცირებულები ირანში საპროტესტო აქციების ძალადობრივ ჩახშობასა და ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების გათეთრებაში არიან ჩართულნი. 

„შეერთებული შტატები მტკიცედ დგას ირანელი ხალხის გვერდით თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ სწრაფვაში. პრეზიდენტი ტრამპის ხელმძღვანელობით, სახაზინო დეპარტამენტი ირანის საკვანძო ლიდერებს ასანქცირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ირანელი ხალხის სასტიკ დარბევაში. სახაზინო დეპარტამენტი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა მიზანში ამოიღოს ისინი, ვინც ადამიანის უფლებების ტირანული რეპრესიის უკან დგას“, - აცხადებს აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი

ახლად სანქცირებულ 18 პირს შორისაა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ალი ლარიჯანი.

დასანქცირებულებში ასევე შედიან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დანაყოფებისა და სამართალდამცავი ორგანოების მეთაურები. 

ინფორმაციისთვის, ირანში საპროტესტო აქციები 2025 წლის 28 დეკემბერს დაიწყო, რასაც წინ უსწრებდა ეკონომიკური კრიზისი.

8 იანვარს ირანის ხელისუფლებამ ინტერნეტი გათიშა და პროტესტის ჩახშობას განაგრძობს.

ამ დროისთვის, არაოფიციალური მონაცემებით, რომელიც საკუთარ წყაროზე დაყრდნობით CBS News-მა გაავრცელა, ირანში დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება 12 ათასს გადასცდეს და 20 ათასსაც კი მიაღწიოს. აქტივისტთა ჯგუფი ამ ინფორმაციას სამედიცინო სფეროს მუშაკებზე დაყრდნობით აგროვებს.