Loading data...
აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა, რომლებიც ირანული ნავთობის ტრანსპორტირებითა და რეალიზაციით დაკავებული კომპანიებისა და გემების ქსელს ეხება. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ-ის ახალი სანქციები ჰონკონგში, ჩინეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მარშალის კუნძულებზე დაფუძნებულ 13 ორგანიზაციას, ასევე, რვა გემს ეხება.

ამასთან, სანქციები დაუწესდა საბერძნეთის მოქალაქე ანტონიოს მარგარიტისს და მის კომპანიებსა და ხომალდების ქსელს, რომლებიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ჩართული იყვნენ ირანული ნავთობის ტრანსპორტირებაში სანქციების გვერდის ავლით.

„დღევანდელი ღონისძიებები მარგარიტისისა და მისი ქსელის წინააღმდეგ ასუსტებს თეირანის უნარს, დააფინანსოს თავისი თანამედროვე შეიარაღების განვითარების პროგრამები, მხარი დაუჭიროს ტერორისტულ ჯგუფებს და საფრთხე შეუქმნას ჩვენი ჯარისა და მოკავშირეების უსაფრთხოებას“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.