13 მაისი 9:25
უცხოეთი
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

შეერთებულმა შტატებმა თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა, რის მიზეზადაც ირანის ბირთვული პროგრამის გაგრძელება დასახელდა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 12 მაისს გააკეთა.

„ირანი თავისი ბირთვული პროგრამის გაფართოებას აგრძელებს“, - განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, თეირანი „ორმაგი დანიშნულების სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტულ საქმიანობას“ აწარმოებს. მისი ვერსიით, ეს აქტივობა დაკავშირებულია „ბირთვულ იარაღთან და მათი მიწოდების სისტემებთან“.

შეზღუდვები შეეხო კომპანია Fuya Pars Prospective Technologists-ს, რომელიც, აშშ-ის ვერსიით, კავშირებს ინარჩუნებს ირანის სამხედრო კვლევით ორგანიზაცია SPND-თან, ასევე, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ სამ ირანელ მოქალაქესთან.

ინფორმაციისთვის, ირანისა და აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონსულტაციების მეოთხე რაუნდი 11 მაისს ომანში გამართეს. შეხვედრაზე თეირანს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, ხოლო ვაშინგტონს - აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

აშშ-სა და ირანს შორის წინა კონსულტაციები მასკატსა და რომში 12, 19 და 26 აპრილს გაიმართა.