Loading data...
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები ირანის სარკინიგზო და საავტომობილო სექტორების მსხვილ კომპანიებს, ასევე, ამ სფეროებში მოქმედ საერთაშორისო მომწოდებლებს შეეხო.

სანქციების სიაში მოხვდნენ Iran Khodro Company (IKCO) და ირანული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია SAIPA. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ეს ორი კომპანია ირანის შიდა საავტომობილო ბაზრის 90%-ზე მეტს აკონტროლებს. ასევე, სანქცირებულთა შორის არიან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია „ირანის ისლამური რესპუბლიკის რკინიგზა“, რომელიც სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებს, Raja Passenger Trains Company და Sherkat-E Rah Ahan-E Khamle-O-Naghle, იგივე Railway Transportation Company, რომელსაც უწყება ერთ-ერთ წამყვან კერძო სატვირთო სარკინიგზო კომპანიად მიიჩნევს.

„ეს ქმედება უშუალოდ მიმართულია ირანის რეჟიმის მხარდამჭერების წინააღმდეგ და საფუძველს უყრის შეერთებული შტატებისა და ჩვენი პარტნიორების ძალისხმევას, საბოლოოდ შევამციროთ რეჟიმის შემოსავლები“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა.

სანქციები ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებისკენ მიმართული კამპანიის ნაწილია, რომლის დაწყების შესახებაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 24 აგვისტოს გამოაცხადა.