აშშ-მა ირანის მოკავშირე ოთხი დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა

აშშ-მა ირანის მოკავშირე ოთხი შეიარაღებული დაჯგუფება უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა. ამის შესახებ The Times Of Isarel-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ჯგუფებია „ჰარაკათ ალ-ნუჯაბა“, „კატაიბ საიდ ალ-შუჰადა“, „ჰარაკათ ანსარ ალაჰ ალ-ავფია“ და „კატაიბ ალ-იმამ ალი“. დეპარტამენტის ცნობით, ოთხივე მათგანი ადრე მოხსენიებული იყო, როგორც სპეციალურად განსაზღვრული გლობალური ტერორისტები.
„ირანთან მოკავშირე შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა თავდასხმები განახორციელეს ბაღდადში აშშ-ის საელჩოსა და ბაზებზე, სადაც აშშ-ისა და კოალიციის ძალები არიან განლაგებულნი, როგორც წესი, ფარული სახელების, ან მარიონეტული ჯგუფების გამოყენებით, რათა დაეფარათ თავიანთი მონაწილეობა“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაში.