აშშ-მა ინდოეთს რუსული ნავთობის შეძენის უფლება დროებით მისცა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 30 დღით ინდოეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს რუსული ნავთობის შეძენაზე აკრძალვა მოუხსნა. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის უწყვეტი მიწოდების მიზნით არის მიღებული.
„ეს მოკლევადიანი გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობას დიდ ფინანსურ მოგებას ვერ მოუტანს, რადგანაც აქ საუბარია ნავთობის შეძენაზე, რომელიც უკვე ზღვაშია“, - განაცხადა ბესენტმა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება შეამცირებს წნეხს, რაც ირანის მიერ მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ხელში ჩაგდების მცდელობას უკავშირდება. ბესენტმა ინდოეთს აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ის ამერიკული ნავთობის შეძენის მოცულობასაც გაზრდის.
როგორც სააგენტო Reuters იუწყება, ინდოეთის ნავთობის ქარხნები უკვე სასწრაფოდ ყიდულობენ რუსული ნავთობის მილიონობით ბარელს, რათა აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ომით გამოწვეული მიწოდების კრიზისი აღმოფხვრან. ინდოეთი საიმპორტო ნავთობის 40%-ს ჰორმუზის სრუტის გავლით იღებს, რომელიც ომის დაწყების შემდეგ პრაქტიკულად ჩაკეტილია.