აშშ-მა და უკრაინამ მინერალების შეთანხმების გაფორმების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი

უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, - ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა.
„გადავდგით ნაბიჯი შეერთებულ შტატებთან ერთობლივი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებისკენ. უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს ჩვენი გუნდების კონსტრუქციულ ერთობლივ მუშაობას და განზრახვას, დავასრულოთ და დავდოთ შეთანხმება, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ორივე ხალხისთვის“, - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.
უკრაინის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ასევე, მზადდება საინვესტიციო ფონდი უკრაინის აღდგენისთვის.
სვირიდენკოს განცხადებით, ამ დოკუმენტით მხარეებმა დაადასტურეს „ამერიკელი ხალხის სწრაფვა, ინვესტიცია ჩადოს უკრაინელ ხალხთან ერთად თავისუფალ, სუვერენულ და უსაფრთხო უკრაინაში“.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზნით მუშაობენ გუნდები დოკუმენტზე.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შეთანხმებებით დავადასტუროთ ამერიკელი ხალხის სურვილი, უკრაინელ ხალხთან ერთად ჩადონ ინვესტიცია თავისუფალ, სუვერენულ და უსაფრთხო უკრაინაში. წინ არის შეთანხმების ტექსტის საბოლოო დამუშავება და მისი ხელმოწერა და შემდეგ - პარლამენტების მიერ რატიფიკაცია“, - დასძინა იულია სვირიდენკომ.
მემორანდუმი გაფორმდა ონლაინ რეჟიმში. ამერიკული მხრიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერა ხაზინის მდივანმა სკოტ ბესანტმა.