აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება.
დოკუმენტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში მოაწერეს ხელი.
„ჩვენ ვქმნით სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის გაფართოებას ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დემოკრატიის, ინკლუზიურობისა და ინტერპერსონალური ურთიერთობების სფეროებში“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა მადლობა გადაუხადა ვაშინგტონს გაწეული ძალისხმევისთვის, სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მთლიანობისა და სომხეთის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის.
მირზოიანის თქმით, ერევანი ერთგულია სამშვიდობო დღის წესრიგისა და მისი განხორციელების მიმართ, ასევე განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას აშშ-სთან ამ საერთო მიზნის მისაღწევად.
მირზოიანმა ასევე განაცხადა, რომ ოფიციალური ერევანი მზად არის იმუშაოს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.