აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„შეთანხმების მიხედვით, ამერიკული ექსპორტისთვის ბრიტანულ ბაზარზე წვდომა გაფართოვდა. საუბარია პირველ რიგში, სოფლის მეურნეობაზე. მილიარდობით დოლარზეა საუბარი“, - განაცხადა ტრამპმა.
AFP-ს ცნობით, სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ტრამპი, პირველ რიგში, საქონლის ხორცს და ბიოეტანოლს გულისხმობდა. ასევე იგეგმება ბრიტანეთის მიერ ამერიკული კონცერნის, Boeing-ის მილიარდობით დოლარის პროდუქციის შეძენა. დეტალები უახლოეს მომავალში დაზუსტდება.
დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთთან მიღწეულ შეთანხმებას „გათავისუფლების დღიდან პირველი ისტორიული სავაჭრო შეთანხმება“ უწოდა.
მისი შეფასებით, სავაჭრო შეთანხმებით აშშ საგარეო ვაჭრობიდან 6 მლრდ აშშ დოლარს მიიღებს და დამატებით 5 მლრდ დოლარს ახალი საექსპორტო შესაძლებლობებით, რაც ფერმერებს, მესაქონლეობით დაკავებულ პირებს და სხვა მწარმოებლებს ექნებათ. ასევე შეიქმნება ორმხრივი ზონა ალუმინით და ფოლადით ვაჭრობისთვის და ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდების უსაფრთხო ჯაჭვი ჩამოყალიბდება.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ ინდოეთთან და ისრაელთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმებასთან ახლოსაა, მოლაპარაკება მიმდინარეობს ასევე იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და ვიეტნამთან.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა 2 აპრილს განაცხადა, რომ მსოფლიოს 185 ქვეყანას საბაჟო ტარიფებს უზრდის. საბაზისო განაკვეთმა იმპორტირებულ საქონელზე 10% შეადგინა, მათ შორის იყო ბრიტანული პროდუქციაც. ევროკავშირისთვის საბაჟო გადასახადმა 20% შეადგინა, ხოლო ჩინეთისთვის - 34%. 9 აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ 75 ქვეყნისთვის საბაჟო ტარიფების დაწესებას ის 90 დღით გადადებს. ამასთანავე, ჩინეთის პროდუქციაზე ტარიფი 125%-მდე გაიზარდა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირმაც ამერიკულ პროდუქციაზე მაღალი ტარიფების დაწესება გადადო.