Loading data...
აშშ-მა და დანიამ განაცხადეს, რომ გრენლანდიის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დანიასთან მიღწეულია შეთანხმება გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხზე. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

მისი თქმით, შეთანხმება აშშ-ს შესაძლებლობას მისცემს, რომ გრენლანდიის უსაფრთხოებაზე და სხვა აუცილებელ მოთხოვნილებებზე მუდმივი კონტროლი ჰქონდეს. შეერთებული შტატების თანხმობის გარეშე მისი მოწინააღმდეგეები გრენლანდიაში სამხედრო ბაზებს ვერ შექმნიან და იქ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვერ განახორციელებენ. ტრამპი ამბობს, რომ ეს შეთანხმება აშშ-ს ფინანსურად არაფერი დაუჯდება.

ტრამპი ამბობს, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიის რამდენიმე ნაწილში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის. მან ასევე განაცხადა, რომ ეს შეთანხმება 100 წლის განმავლობაში მისმა წინამორბედებმა ვერ გააფორმეს და მას ამერიკელი ხალხი მაღალ შეფასებას მისცემს.

დანიის და გრენლანდიის ხელისუფლებებმა აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა დაადასტურეს, მაგრამ, მათი ინფორმაციით, დოკუმენტები ჯერჯერობით ხელმოწერილი არ არის.

კოპენჰაგენსა და ნუუკში მთავრობები ვაშინგტონთან მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს ნატოსა და საერთო უსაფრთხოების ინტერესებს შეესაბამება არქტიკისა და ჩრდილოეთ ანლანტიკის რეგიონებში.

ასევე შეთანხმება დანიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გრენლანდიის ხალხის თვითგამორკვევის უფლებას აღიარებს. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა, რომ შეთანხმება გრენლანდიის, დანიის სამეფოს, აშშ-ს და დასავლეთის ალიანსის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და აძლიერებს. ის ასევე გრენლანდიის ინტერესებს და საერთაშორისო თანამშრომლობაში ავტონომიური რეგიონის ადგილს აღიარებს.