აშშ-მა ავიაკომპანია „ბელავიას“ სანქციები ოფიციალურად მოუხსნა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ბელორუსულ ავიაკომპანია „ბელავიას“ სანქციები ოფიციალურად გაუუქმა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ასევე შეზღუდვები მოეხსნა თვითმფრინავს, Bombardier Challenger 850-ს. ამ ბიზნეს-ჯეტით ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოჯახის წევრები და ამ ქვეყნის მაღალჩინოსნები დაფრინავენ.
ასევე აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დროებით მოუხსნა სანქციები სამ თვითმფრინავს რომლებიც ლუკაშენკოსთან, ან მის კომპანიასთან, „სლავკალიასთან“ არის დაკავშირებული. თავად კომპანიაზე სანქციები კვლავ ვრცელდება.
„ბელავიას“ წინააღმდეგ სანქციები 2021 წლის ივნისში დაწესდა, როდესაც Ryanair-ის ავიალაინერი მინსკში იძულების წესით დასვეს და ოპოზიციონერი ბლოგერი, რომან პროტასევიჩი დააკავეს. ასევე ავიაკომპანია იმაში იყო დადანაშაულებული, რომ ორგანიზებულად ბელარუსში აზიის და აფრიკის ქვეყნებიდან ადამიანები ჩაჰყავდა, რომლებიც შემდეგ ბელარუსიდან ევროკავშირში ძალის გამოყენებით შეჭრას ცდილობდნენ.