აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდის შენაერთი გააგზავნა
აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის სანაპიროსთან ავიამზიდი Abraham Lincoln და ავიამზიდის შენაერთი გააგზავნა. ამის შესახებ News Nation იუწყება.
მანამდე ეს შენაერთი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში იმყოფებოდა. საბრძოლო ხომალდების სრულ გადასროლას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.
ეს გადაწყვეტილება პენტაგონმა ირანში არსებული დაძაბული სიტუაციის პარალელურად მიიღო. ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რამდენჯერმე დაემუქრა ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას, რომ თუ ის აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ იარაღს გამოიყენებს, აშშ ირანზე შეტევებს განახორციელებს.
წინა დღეს ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში აქციის მონაწილეთა მკვლელობები დასრულდა. შეკითხვაზე, ნიშნავს ეს თუ არა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებას აღარ დაიწყებს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი სიტუაციას დააკვირდება.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ამ ეტაპზე სამხედრო ოპერაციის ჩატარებაზე უარი თქვა, რადგანაც საპასუხო დარტყმების მოსაგერიებლად ახლო აღმოსავლეთში საკმარისი რესურსები არ აქვს. ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებმა ტრამპს უთხრეს, რომ სამხედრო იერიშებს ირანის წინააღმდეგ იქ რეჟიმის ჩამოშლა არ მოჰყვება.