აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და მეორე ლედი გრენლანდიაში ჩაფრინდნენ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და მეორე ლედი უშა ვენსი გრენლანდიაში ჩავიდნენ.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი დაეშვა აშშ-ის კოსმოსური ძალების ბაზაზე პიტუფიკში, ჩრდილოეთ გრენლანდიაში. ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი და ენერგეტიკის მდივანი კრის ვრაითი.
ვიზიტის ფარგლებში ისინი გაეცნობიან უსაფრთხოების ვითარებას არქტიკაში და შეხვდებიან ამერიკელ სამხედროებს. მოსალოდნელია, რომ ვენსი სიტყვითაც გამოვა.
თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა Fox News-ს ვენსის ჩასვლამდე განუცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ისაუბრებს იმაზე, „თუ როგორ არასათანადოდ ეპყრობოდნენ დანიის ლიდერები გრენლანდიელებს ათწლეულების განმავლობაში, მათ ექცეოდნენ, როგორც მეორე კლასის მოქალაქეებს და კუნძულის ინფრასტრუქტურის გაფუჭება დაუშვეს“.
მანამდე იგეგმებოდა, რომ აშშ-ის დელეგაცია გრენლანდიაში უშა ვენსის ხელმძღვანელობით ჩავიდოდა და მისი ვიზიტი კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის იქნებოდა.
მაგრამ როგორც დანიის, ისე გრენლანდიის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გადაწყვიტა, თავის მეუღლეს გაჰყოლოდა და ვიზიტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ფოკუსირდა.