აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მასშტაბური გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
საუბარია „საპასუხო ტარიფებზე“, რომლებიც ტრამპმა 2025 წლის აპრილის დასაწყისში მსოფლიოს სხვა ქვეყნების ქმედებების პასუხად გამოაცხადა.
სასამართლომ ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ტრამპმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, როდესაც გამოიყენა ფედერალური საგანგებო უფლებამოსილებების შესახებ კანონი, რათა დაეწესებინა მსოფლიო მასშტაბით „საპასუხო“ ტარიფები და მიზნობრივი იმპორტის გადასახადები, რასაც ადმინისტრაცია „ფენტანილით ვაჭრობასთან ბრძოლას“ მიაწერდა.
მოსამართლეებს არ განუხილავთ, თუ რამდენად აქვთ იმპორტიორებს კომპენსაციის მიღების უფლება და ეს საკითხი ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიანდეს.
ანგარიშის თანახმად, თუ ანაზღაურება სრულად დამტკიცდება, ამ თანხამ შესაძლოა, 170 მილიარდ დოლარს მიაღწიოს, რაც ტრამპის ტარიფებით მიღებული შემოსავლის ნახევარზე მეტია.
მოსამართლე ბრეტ კავანომ განაცხადა, რომ თანხის დაბრუნების პროცესი, „სავარაუდოდ, ქაოსური იქნება“.