Loading data...
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ კუბაზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით ოპერატიული ჯგუფი შექმნა

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ კუბის მიმართულებით სპეციალური ოპერატიული ჯგუფი შექმნა, რომლის მიზანია კუბის ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერება და იმ ეკონომიკური, პოლიტიკური თუ საკადრო ცვლილებების მიღწევა, რომლებსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ითხოვს“, - ამის შესახებ The New York Times-ი იუწყება.

მედიის ცნობით, ახალი სტრუქტურა სააგენტოს საშუალებას მისცემს, კუბის მიმართულებით დამატებითი ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსები სწრაფად გადაამისამართოს. ჯგუფისთვის უკვე მიმდინარეობს კადრების შერჩევა - მათ შორის არიან ჯაშუშების კურატორები, ანალიტიკოსები და კიბერუსაფრთხოების ექსპერტები.

ანალოგიური ჯგუფი აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ 1960-იან წლებშიც შექმნა, როდესაც მისი თანამშრომლები კუბაში წარუმატებელ სამხედრო ინტერვენციას - „ღორების ყურის ოპერაციას“ ხელმძღვანელობდნენ. თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ახალ ჯგუფს შეიარაღებული ოპერაციების დაგეგმვა ან განხორციელება არ ევალება. მისი მიზანი კუბის პოლიტიკურ ელიტაში შიდა უთანხმოების გაღრმავება და ვაშინგტონისადმი ხისტი პოზიციის მქონე მაღალჩინოსნების ჩანაცვლების ხელშეწყობაა.

ეს ნაბიჯი მიუთითებს, რომ ამერიკული დაზვერვა, შესაძლოა, კუბის წინააღმდეგ ხანგრძლივ ფარულ კამპანიას იწყებდეს, თუმცა კუბა ათწლეულებია აშშ-ის სპეცსამსახურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ სამიზნედ რჩება.

როგორც The New York Times იუწყება, დონალდ ტრამპი კუბაში რეჟიმის შეცვლას ისახავს მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ მან სამხედრო ესკალაცია გამორიცხა, არ უარყო კუნძულის „მეგობრული შთანთქმის“ შესაძლებლობა. კუბის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა გადახედვას არ ექვემდებარება.

ცნობისთვის, ვაშინგტონის მხრიდან კუბაზე ფართომასშტაბიანი ზეწოლა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მაისში აშშ-მა კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს, ბრალი წაუყენა. საქმე ეხება 1990-იან წლებში კუბელი სამხედროების მიერ სამოქალაქო თვითმფრინავების ჩამოგდებას. ივნისში სანქციები დაუწესდა მოქმედ პრეზიდენტ მიგელ დიას-კანელს. გარდა ამისა, ტრამპმა კუბის წინააღმდეგ ნავთობის ბლოკადა დააწესა, რის გამოც ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისი დაიწყო.