Loading data...
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი: ახალი, არასაჯარო დოკუმენტები ეჭვქვეშ აყენებს რუსული ჩარევის შესახებ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“.

კომიტეტისთვის სასამართლო უწყების საფუძველზე წარდგენილი „დიდი ტექნოლოგიური“ კომპანიების არასაჯარო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ევროკომისიამ წარმატებით განახორციელა ზეწოლა მსხვილ სოციალურ პლატფორმებზე მათი კონტენტის მოდერაციის გლობალური წესების შესაცვლელად, რაც პირდაპირ აზიანებს ონლაინ გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში.

„ახალი, არასაჯარო დოკუმენტები ეჭვქვეშ აყენებს რუსული ჩარევის შესახებ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც რუმინეთის სასამართლომ ქვეყნის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.

TikTok-მა ევროკომისიას განუცხადა, რომ მან „ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება“ რუსეთის მხრიდან კოორდინირებული კამპანიისა გამარჯვებული კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მხარდაჭერის მიზნით - რაც რუმინეთის ხელისუფლების მთავარი ბრალდება იყო - და ამ აღმოჩენის შესახებ ინფორმირებული იყვნენ შესაბამისი უწყებები.

მას შემდეგ საჯარო ანგარიშებმა აჩვენა, რომ სავარაუდო რუსული კამპანია TikTok-ზე სინამდვილეში სხვა რუმინული პოლიტიკური პარტიის მიერ იყო დაფინანსებული“, - ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის განცხადებაში.