Loading data...
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის განცხადებით, სამხედრო დახმარება უკრაინას მოსალოდნელზე სწრაფად მიეწოდება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა, დემოკრატმა ბილ კიტინგმა და რესპუბლიკელმა ტომას კეინმა, კიევში ვიზიტის დროს განაცხადეს, რომ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდება იმაზე სწრაფად მოხდება, ვიდრე მოსალოდნელია. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

მედიის ცნობით, ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის სამხედროებს შეხვდნენ. 

„იარაღის მოწოდება აქ უფრო მალე მოხდება, ვიდრე ვფიქრობდი. ზოგიერთი რამდენიმე დღეში ჩამოვა, ზოგიც - რამდენიმე კვირაში. ჩვენ არ ვიცით ზუსტი განრიგი და რომც ვიცოდეთ, არ გეტყვით, რადგან ამან შესაძლოა, ომის სტრატეგიაზე იქონიოს გავლენა. მაგრამ ადამიანები უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ ყველაფერი კეთდება, რათა დახმარებამ აქ დროულად მოაღწიოს“, - განაცხადა დემოკრატმა ბილ კიტინგმა. 

რესპუბლიკელმა კეინმა აღნიშნა, რომ „გარკვეულმა ადამიანებმა“ იციან, რას მოიცავს უკრაინის დახმარების ახალი კანონპროექტი.

„საუბარია იმაზე, რომ უკრაინას პირველად მიეწოდება ATACMS-ის რაკეტები, რომელთა მოქმედების მანძილი 300 კმ-ს შეადგენს, არაერთი სხვა საარტილერიო სისტემა და სხვა ტიპის სპეციფიკური იარაღი. ჩვენ გვაქვს გარანტია, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე უკრაინაში, რომ ადამიანები მათ გამოყენებას ძალიან მალე შეძლებენ“, - განაცხადა ტომას კეინმა.