Loading data...
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი აცხადებს, რომ კანადამ ამერიკულ საქონელზე საპასუხო სავაჭრო ზომები უნდა გააუქმოს, რათა ახალი ტარიფები თავიდან აიცილოს

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯემისონ გრირმა განაცხადა, რომ კანადამ უნდა გააუქმოს საპასუხო სავაჭრო ზომები ამერიკულ საქონელზე, რათა თავიდან აიცილოს თეთრი სახლის მიერ ახალი ტარიფების დაწესება, რომელიც მომდევნო კვირაში უნდა შევიდეს ძალაში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იტყობინება Bloomberg-ი.

გრირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, კანადის პროვინციებმა გააუქმონ ამერიკული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვაზე აკრძალვები, რომლებიც გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ფოლადის, ალუმინისა და ავტომობილების იმპორტზე ტარიფების შემოღების შემდეგ დაწესდა.

მან ასევე მიუთითა კანადის „პროტექციონიზმზე“ რძის პროდუქტების სფეროში და სახელმწიფო შესყიდვების წესებზე, როგორც პრობლემებზე, რომლებიც მოგვარებას საჭიროებს.

„ნებისმიერმა პოტენციურმა გადაწყვეტამ უნდა გაითვალისწინოს ყველა ეს საკითხი, ან უზრუნველყოს მათი გადაჭრის გზა“, - განაცხადა გრირმა. 

ამასთან, მან ქვეყნებს შორის ბოლო დროს გამართულ სავაჭრო მოლაპარაკებებს „კონსტრუქციული“ უწოდა.

„ჩვენთვის ეს სავაჭრო ომი არ არის. ჩვენ გვაქვს შიდა მიწოდების ჯაჭვები, რომელთა დაცვასა და მხარდაჭერას ვცდილობთ. თუ რომელიმე ქვეყანა ჩვენს წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს, ამას ნამდვილად არ დავუშვებთ. საპასუხო ზომებს მივიღებთ“, - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ 21 ივლისს ტრამპმა ხელი მოაწერა სამ პროკლამაციას კანადიდან იმპორტირებულ გარკვეულ საქონელზე დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტმა ოტავა ამერიკული პროდუქციის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში დაადანაშაულა.

ახალი ტარიფები პროკლამაციების ხელმოწერიდან 30 დღის შემდეგ შევა ძალაში.