აშშ-ის სასამართლომ შეაჩერა ტრამპის პროექტი, რომელიც თეთრ სახლში სამეჯლისო დარბაზის მშენებლობას ითვალისწინებდა
აშშ-ის სასამართლომ შეაჩერა დონალდ ტრამპის პროექტი, რომელიც თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფლიგელში სამეჯლისო დარბაზის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტის განხორციელება, რომლის ფასი 400 მლნ აშშ დოლარია, ისტორიული მემკვიდრეობის ფონდის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვამდე შეჩერდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელში აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უფლებამოსილებას გადააჭარბა, რადგანაც თეთრი სახლის ნაწილის დანგრევა კონგრესის თანხმობის გარეშე გადაწყვიტა. მოსამართლე ვარაუდობს, რომ ისტორიული მემკვიდრეობის ფონდი, სავარაუდოდ, ამ საქმეს მოიგებს.
„აშშ-ის პრეზიდენტი არის თეთრი სახლის დროებითი მოპატრონე. მაგრამ ის მისი მფლობელი არ არის“, - განაცხადა ფედერალურმა მოსამართლემ რიჩარდ ლეონმა, რომელმაც მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
მოსამართლემ დაცვის მხარეს უთხრა, რომ თეთრ სახლში მშენებლობაზე გადაწყვეტილება კონგრესმა უნდა მიიღოს და „ჯერ არ არის გვიანი, რომ კონგრესს მიმართოთ“.
„ნებისმიერ შემთხვევაში კონგრესი ერის საკუთრებაზე და მთავრობის ხარჯებზე კონტროლს შეინარჩუნებს. ამ შემთხვევაში დაცული იქნება ისტორიული მემკვიდრეობის ფონდის საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ინტერესები. ამერიკელი ხალხი კი სახელმწიფო ხელისუფლების შტოებს მიიღებს, რომლებიც კონსტიტუციით განსაზღვრულ როლს ასრულებენ. არც ისეთი ცუდი შედეგია“, - წერს მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში.
სამეჯლისო დარბაზის მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება ძალში 14 დღეში შევა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მისი გასაჩივრება შეუძლია.
დონალდ ტრამპმა უკვე დაწერა TruthSocial-ში, რომ მოსამართლე მართალი არ არის, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფლიგელი 1902 წელს იყო აშენებული, ხოლო 2025 წლის ოქტომბერში ის ნაწილობრივ დაანგრიეს.
მის ადგილზე დონალდ ტრამპს სამეჯლისო დარბაზის მშენებლობა სურს. თავდაპირველი პროექტის მიხედვით, დარბაზი 500 ადამიანზე იყო გათვლილი, ხოლო მოგვიანებით პროექტი 1350 სტუმრამდე გაიზარდა. ტრამპმა სამეჯლისო დარბაზის პროექტს თეთრი სახლის ისტორიაში უდიდესი პროექტი უწოდა ოვალური კაბინეტის მშენებლობის შემდეგ.