Loading data...
აშშ-ის სასამართლომ კუბის ყოფილი ლიდერის, რაულ კასტროს დაკავების ორდერი გასცა

აშშ-ის ფლორიდის შტატის სასამართლომ კუბის ყოფილი ლიდერის, 95 წლის რაულ კასტროს დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

რაულ კასტრო 2021 წლამდე კუბის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო. ამერიკული სასამართლოს აზრით, არსებობს ეჭვი, რომ 1996 წელს რაულ კასტრო კუბის დაზვერვის აგენტებს გაურიგდა და მათ მკვლელობა დაგეგმეს.

საუბარია ინციდენტზე, რომელიც 1996 წელს მოხდა, როდესაც კუბის ავიაგამანადგურებლებმა ფლორიდის ყურეში ჰუმანიტარული ორგანიზაციის, Brothers to the Rescue-ს ორი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამას აშშ-ის სამი და კუბის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა.

ამ ინციდენტზე უშუალო პასუხისმგებლად აშშ-ში რაულ კასტროს ასახელებენ. ის 1996 წელს კუბის შეიარაღებული ძალების მინისტრი იყო. რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი მიმდინარე წლის მაისში წარუდგინეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.