Loading data...
აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 49 გრადუსს აღწევს

აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 45 გრადუსს გადასცდა. სინოპტიკოსები კალიფორნიის სიკვდილის ველის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე პარასკევს, 22 აგვისტოს 49 გრადუსს პროგნოზირებენ. ამის შესახებ NBC News ინფორმაციას აშშ-ის ეროვნულ მეტეოროლოგიურ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. 

აშშ-მექსიკის საზღვრიდან სამხრეთ-დასავლეთ იუტამდე მცხოვრებ 80 მილიონზე მეტ ადამიანს სპეციალური რეკომენდაციები გადაეცა. მოახლოებული სიცხის ექსტრემალური ტალღის გამო მთავრობა ადგილობრივებს აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ მკაცრად დაიცვან წესები.

სინოპტიკოსების თქმით, თბილი, დაღმავალი საჰაერო სისტემა, რომელიც არიზონას, იუტას, კოლორადოსა და ნიუ-მექსიკოს ყოფს, რეგიონში შაბათ-კვირას (23-24 აგვისტო) რთულ მდგომარეობას შექმნის.

ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა, რომლის გამოც გარკვეულ საფრთხეს პროგნოზირებენ, დღეიდან, 20 აგვისტოდან დაფიქსირდება და პიკს პარასკევს, 22 აგვისტოს მიაღწევს. როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, გაფრთხილებულები არიან ლოს-ანჯელესის, სან-დიეგოს, ორანჟის ოლქები, ასევე, პალმ-სფრინგზში მცხოვრები პირები. რეკომენდაციები ვრცელდება ლას-ვეგასისთვის და არიზონას შტატის გარკვეული ნაწილისთვის (ფენიქსი და ტუსონი).

ლოს-ანჯელესის მერის კარენ ბასის თქმით, ქალაქში შესაძლოა „ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს“.

ქალაქში იხსნება გაგრილების ცენტრები, ხოლო გუბერნატორ გევინ ნიუსომს ხანძარსაწინააღმდეგო რესურსები რეგიონში გადააქვს.