აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის შეწყვეტის გამო გააკრიტიკა

შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობას დაუბრუნდეს, რომელიც მის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ შეწყვიტა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა.
ბრიუსმა ირანის გადაწყვეტილებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ „მიუღებელი“ უწოდა „იმ დროს, როდესაც მას აქვს შესაძლებლობა, შეცვალოს კურსი და აირჩიოს მშვიდობისა და კეთილდღეობის გზა“.
მისი თქმით, თეირანმა სრულად უნდა განაახლოს თანამშრომლობა სააგენტოსთან, „შემდგომი დაყოვნების გარეშე“.
„ირანმა სრულად უნდა დაიცვას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებით (NPT) გათვალისწინებული გარანტიების შეთანხმება, კერძოდ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის (IAEA) ინფორმაციის მიწოდებით, რომელიც აუცილებელია არარეგისტრირებულ ბირთვულ კომპონენტებთან დაკავშირებული დიდი ხნის პრობლემების გასარკვევად და მოსაგვარებლად“, - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა.