Loading data...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ვეხმარებით უკრაინელებს და გავაგრძელებთ მათ დახმარებას

შეერთებული შტატები კვლავ უკრაინის ყველაზე დიდ მხარდამჭერად რჩება მსოფლიოში და კიევს საჭიროებისამებრ დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინაში იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც შეერთებული შტატების ახალი პოლიტიკა ან პოზიცია.

მისი განმარტებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაპაუზება იყო ყველა იმ იარაღისა და დახმარების სტანდარტული მიმოხილვის ნაწილი, რომელსაც აშშ აწვდის მსოფლიოს ყველა ქვეყანასა და რეგიონს და არა მხოლოდ უკრაინას

„ჩვენი ქვეყანა იყო და რჩება უკრაინის ყველაზე დიდ მხარდამჭერად და ჩვენ ვზრუნავთ ამ ადამიანებზე (უკრაინელებზე ) რათა მათ ჰქონდეთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

მან აღნიშნა, რომ ამერიკული იარაღის მიწოდება უკრაინაში აღდგა.

„სიტუაცია საკმაოდ რთულია. ჩვენ მათ ვეხმარებით და გავაგრძელებთ დახმარებას. ეს არის ჩვენი პოზიცია“, - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.