Loading data...
აშშ-ის საიდუმლო სამსახური აცხადებს, რომ ინფორმირებულია ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გასული ვიდეოჩანაწერის შესახებ, რომელშიც დონალდ ტრამპის უმცროსი ვაჟის ბარონ ტრამპის მკვლელობის პოტენციური სცენარია განხილული

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა ნეიტ ჰერინგმა განაცხადა, რომ საიდუმლო სამსახური ინფორმირებულია ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გასული ვიდეოჩანაწერის შესახებ, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უმცროსი ვაჟის ბარონ ტრამპის მკვლელობის პოტენციური სცენარია განხილული.

„აშშ-ის საიდუმლო სამსახური ინფორმირებულია აღნიშნული ვიდეოს შესახებ და იძიებს ყველაფერს, რაც შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც საფრთხე ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის. ოპერატიული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენ არ განვიხილავთ დაცვით სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს“, - განაცხადა ნეიტ ჰერინგმა ელექტრონული ფოსტით.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გადაცემულ სამწუთიან ვიდეოში 20 წლის ბარონ ტრამპის მკვლელობის პოტენციური სცენარი განიხილებოდა. ვიდეოში აცხადებდნენ, რომ მას თვალყურს ადევნებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მისი მკვლელობისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო იყო დაწესებული.

Reuters-მა ამ თვის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისრაელისგან რამდენიმე გაფრთხილება მიიღო, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას აპირებდა.

ტრამპმა განაცხადა, რომ ის „ირანის მკვლელობის სიაში პირველ ადგილზეა“.