აშშ-ის ოფიციალური პირები, ჰორმუზის სრუტის შეფერხების გამო ნავთობისა და საწვავის ფასების ზრდას ვარაუდობენ
„აშშ-ის ადმინისტრაცია ნავთობისა და საწვავის ფასების პროგნოზს ზრდის, რადგან არსებული შეზღუდვები ამ კრიტიკულ საზღვაო არტერიაში ენერგორესურსების მოძრაობას აფერხებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ენერგეტიკის დეპარტამენტის საპროგნოზო ორგანოს, ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) ახალი შეფასებით, ჰორმუზის სრუტის გავლით ენერგორესურსების ტრანზიტი აგვისტოს ბოლომდე შეზღუდული დარჩება.
უწყებამ Brent-ის მარკის ნავთობის 2026 წლის საშუალო საპროგნოზო ფასი ბარელზე 87 დოლარამდე გაზარდა, წინა თვის 82 დოლარი იყო. ამასთანავე, აშშ-ში წელს ბენზინის საცალო ფასი გალონზე საშუალოდ 3.78 დოლარს მიაღწევს, რაც აღემატება წინა პროგნოზს - 3.64 დოლარს.
ექსპერტებმა 2027 წლისთვისაც გაზარდეს ნავთობისა და საწვავის მოსალოდნელი ფასების მაჩვენებლები.
EIA-მ მიზეზად „ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანზიტზე არსებული შეზღუდვები“ დაასახელა და დასძინა, რომ ეს პროგნოზი „ეყრდნობა დაშვებას, რომ აღნიშნული შეზღუდვები აგვისტოს ბოლომდე შენარჩუნდება“.
ეს მონაცემები მკვეთრად ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც ოვალურ კაბინეტში განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „ახლა ღიაა“ და მას სრულად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები აკონტროლებენ. თუმცა საზღვაო ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებით, 10 აგვისტოს სრუტე მხოლოდ 8-მა გემმა გადაკვეთა, მაშინ როდესაც ომამდე დღიური საშუალო მაჩვენებელი 120 გემს შეადგენდა.