Loading data...
აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი მუშაობას შეწყვეტს და ილონ მასკი ბიზნესში დაბრუნდება - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი (DOGE), რომელსაც ბიზნესმენი ილონ მასკი ხელმძღვანელობს, „გარკვეულ მომენტში“ ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ CNN იუწყება.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მასკი 130 დღის განმავლობაში სახელმწიფო თანამდებობაზე დარჩება, ხოლო შემდეგ საკუთარ კომპანიას დაუბრუნდება.

„მე მსურს, რომ ის უფრო მეტ ხანს დარჩეს. ის ძალიან ნიჭიერი ადამიანია, მე კი მიყვარს ჭკვიანი ხალხი, და მან კარგი სამუშაო ჩაატარა, მაგრამ გარკვეულ მომენტში ილონი საკუთარ კომპანიაში დაბრუნებას გადაწყვეტს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, გააგრძელებს თუ არა მუშაობას თვითონ დეპარტამენტი მასკის წასვლის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ DOGE-ის თანამშრომლები მაღალი კვალიფიკაციის პირები არიან და ბევრი ფედერალური სააგენტო მათ დასაქმებას გადაწყვეტს.

ცნობისთვის,  ილონ მასკის კომპანიის, „ტესლას“ აქციები, რომელთა ფასი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ აიწია, ახალი წლის შემდეგ კვლავ არჩევნების წინა პერიოდის ფასს დაუბრუნდა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ტესლას“ აქციონერებმა მიმართეს ილონ მასკს და მას კომპანიაში დაბრუნებას ან პოლიტიკაში დარჩენას შორის არჩევანის გაკეთება შესთავაზეს.