Loading data...
აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტი გრიპისა და სხვა, მსგავსი ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინების დაფინანსებას აუქმებს

აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტი (HHS) გეგმავს გააუქმოს 500 მილიონი დოლარის (£376 მილიონი) დაფინანსება mRNA ვაქცინებისთვის, რომლებიც გრიპისა და კოვიდ 19-ის მსგავსი ვირუსების წინააღმდეგ მუშაობს. ინფორმაციაზე BBC წერს. 

როგორც აღმოჩნდა, ეს ნაბიჯი გავლენას მოახდენს ისეთ გიგანტურ ფარმაცევტულ კომპანიებზე, როგორებიცაა Pfizer და Moderna. ორივე კომპანია დღემდე, წარმატებით ქმნის ფრინველის გრიპისა და სხვა ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინებს. 

მოგეხსენებათ, რომ აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რობერტ ფ. კენედი უმცროსი სკეპტიკურადაა განწყობილი ვაქცინების და ზოგადად, ვაქცინაციის მიმართ. მისი თქმით, mRNA ტექნოლოგია მეტ რისკს შეიცავს, ვიდრე სარგებელს, სწორედ ამიტომ, ის წყვეტს მსგავსი ტექნოლოგიით შემუშავებული ვაქცინების დაფინანსებას. 

რა თქმა უნდა, საპირისპირო მოსაზრებები გამოითქვა კენედის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მისი გეგმა პირველ რიგში, ექიმებმა და ჯანდაცვის ექსპერტებმა გააკრიტიკეს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უარყოფითად არიან განწყობილები დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოსაზრების მიმართ, ვაქცინების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის საკითხთან დაკავშირებით. 

„კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინების შემუშავება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო პანდემიის შეჩერებისა და მილიონობით სიცოცხლის გადარჩენისთვის“, - აღნიშნავს პიტერ ლური, რომელიც აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელია. მანვე დასძინა, რომ კენედის გადაწყვეტილება ზურგის შექცევაა, პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ინსტრუმენტისთვის.

საპირისპიროს ამტკიცებს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აცხადებს, რომ გეგმის შემუშავებამდე, მან და მისმა გუნდმა „გადახედა მეცნიერებას, მოუსმინა ექსპერტებს და შემდეგ, იმოქმედა“. 

„კვლევებით დასტურდება, რომ ეს ვაქცინები ვერ იცავენ ეფექტიანად ზედა სასუნთქ გზებს ინფექციებისგან, როგორებიცაა გრიპი და კოვიდ-19“, - აღნიშნა კენედიმ. „დეპარტამენტი დაფინანსებას გადაამისამართებს უფრო უსაფრთხო, ფართო გამოყენების ვაქცინების პლატფორმისკენ, რომლებიც იმოქმედებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვირუსი მუტაციას განიცდის“, - დასძინა აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.