Loading data...
აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ დაადგინა, რომ სარეველების გასანადგურებელი პესტიციდი ნაყოფისთვის საზიანოა და ბაზრიდან მისი დაუყოვნებლივ ამოღება მოითხოვა - The New York Times

აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო (EPA) ბაზრიდან ამოიღებს სარეველების გასანადგურებელ ჰერბიციდს, რომელიც ნაყოფისთვის საზიანო აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს, 40 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, გადაუდებელი აკრძალვა დაეწესებინა ჰერბიციდის გამოყენებაზე, რაც მუცლად მყოფი ბავშვების ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებს უკავშირდება.

ინსპექტორები თქმით, ჰერბიციდს, რომელიც ფართოდ გამოიყენება ისეთ გავრცელებულ კულტურებში, რომელთა შორისაა ხახვი, კომბოსტო, ბროკოლი და ბრიუსელის კომბოსტო, შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფში ნორმაზე მცირე წონა და ტვინის განვითარების დარღვევა. პესტიციდი დიმეთილ ტეტრაქლოროთერეფტატი, აგრეთვე ცნობილია, როგორც Dacthal და DCPA. 

ბავშვებს, რომელთა მშობლებიც ორსულობისას ამ პესტიციდის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, შეიძლება დაბადების დროს აღენიშნებოდეთ ნორმაზე მცირე წონა, ტვინის განვითარების დარღვევა ხოლო მომდევნო წლებში, გამოუმჟღავნდეთ დაქვეითებული IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) და მოტორული განვითარების დარღვევა“, - აცხადებენ EPA-ში.

სააგენტოს ქიმიური უსაფრთხოების განყოფილების წარმომადგენლის, მიხაილ ფრიდჰაფის თქმით, DCPA იმდენად სახიფათოა, რომ ბაზრიდან მისი დაუყოვნებლივ ამოღების აუცილებლობა არსებობს.

„ამ შემთხვევაში, ორსულმა ქალებმა, რომლებმაც შესაძლოა არც იცოდნენ, რომ ამ ქიმიური საშუალების ზემოქმედების ქვეშ არიან, შეიძლება გააჩინონ ბავშვები, რომლებსაც ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები შეექმნათ, რომელთაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ გამოასწორებენ“, - ამბობს ის.

როგორც New York Times აღნიშნავს, კომენტარის გასაკეთებლად ამ პესტიციდის ერთადერთ მწარმოებელს, კალიფორნიაში დაარსებულ კომპანია AMVAC Chemical Corporation-ს მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გარემოს დაცვის სააგენტოს ბრძანებას წინ უძღოდა რამდენიმე წლიანი „უპრეცედენტო ძალისხმევა“, რომ კომპანიისთვის პესტიციდისა და მის მიერ ჯანმრთელობისთვის შექმნილი რისკების შესახებ საკუთარი მონაცემების წარდგენა ეიძულებინათ. 

სააგენტოს თქმით, ის ორსული ქალები, რომლებსაც DCPA პროდუქტებთან უშუალო შეხება აქვთ, შეიძლება 20-ჯერ უფრო მაღალ რისკს დაექვემდებარონ.

ქალი ფერმერების ეროვნული ალიანსის (Alianza Nacional de Campesinas) აღმასრული დირექტორის, მილი ტრევინო საუსედის შეფასებით, სააგენტომ „ისტორიული“ გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ კარგად ვიცით, როგორი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს დიმეთილ ტეტრაქლოროთერეფტატი შემცველი პესტიციდები ჩვენი ორგანიზმისა და საზოგადოებისთვის. ეს ადაუდებელი გადაწყვეტილება შესანიშნავი პირველი ნაბიჯია, რომელსაც ვიმედოვნებთ, სხვა მრავალი ისეთი ნაბიჯი მოჰყვება, რომლებიც დაფუძნებული იქნება ფერმის მუშაკების აზრის გათვალისწინებაზე, ჩვენი რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ოჯახების დაცვაზე“, - აღნიშნავს საუსედი.

ხოლო Environmental Working Group-ის წარმომადგენელი სააგენტოს ამ ნაბიჯს დაგვინებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ბევრად ადრეც შეიძლებოდა. 

„ჩვენი ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა დამცველები წლების განმავლობაში ვსაუბრობდით იმ სერიოზული რისკების შესახებ, რასაც სარეველას გამანადგურებლები უქმნიდნენ ფერმერებს, ორსულებსა და სხვა დაუცველ მოსახლეობას“, - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ DCPA-ს მავნე ზემოქმედებას მრავალი კვლევა ადასტურებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ზოგიერთი ფერმა აღნიშნული აკრძალვის წინააღმდეგია.

„ეს პრეპარატი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო იმ ბალახებთან და ფართოფოთლოვან სარეველებთნ საბრძოლველად, რომლებიც მოსავალს ანადგურებენ“, - აცხადებდა Griffin Ranches წარმომადგენელი არიზონას შტატიდან 2022 წელს, როდესაც ამ პესტიციდის აკრძალვაზე აქტიური საუბარი მიმდინაროებდა. 

ხოლო როგორც აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოში აცხადებენ, განზრახული აქვთ, რომ DCPA პროდუქტების გამოყენება სამუდამოდ აიკრძალოს. თუმცა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამ პროცესმა შესაძლოა რამდენიმე თვე წაიღოს, ხოლო თუ მწარმოებელი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, შესაძლოა პროდუქტის გამოყენებაზე სამუდამო აკრძალვის დაწესებას წლებიც კი დასჭირდეს.