Loading data...
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აღმოაჩინა საიდუმლო დოკუმენტები ტრამპის და რუსეთის კავშირების გამოძიების შესახებ

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა კეშ პატელმა განაცხადა, რომ აღმოაჩინა საიდუმლო დოკუმენტები დონალდ ტრამპისა და რუსეთის შესაძლო კავშირების გამოძიების შესახებ, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს დოკუმენტები FBI-ის საიდუმლო ოთახში რამდენიმე ყუთში იდო და მათი განადგურება იგეგმებოდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროება ნათელს მოჰფენს იმ საკითხს, რომ აშშ-ის მთავრობაში პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერის კოორდინირებული გეგმა არსებობდა“, - იუწყება ტელეკომპანია Fox News.

22 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების ყოფილი ლიდერი ბარაკ ობამა სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა. ტრამპს მოჰყავს აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის ტულსი გაბარდის ანგარიში. გაბარდმა გააკეთა დასკვნა, რომ ობამამ და მისმა თანაშემწეებმა სადაზვერვო ინფორმაციის პოლიტიზება და ფაბრიკაცია მოახდინეს, რაც 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას უკავშირდება. ამ გაყალბებული დასკვნების მიხედვით, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რუსეთი დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევაში დაეხმარა.