აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი ევროკავშირს მოუწოდებს, თურქეთიდან ბენზინის იმპორტი დაბლოკოს

აშშ მოითხოვს, რომ ევროკავშირმა რუსულ ენერგორესურსებზე სრულად თქვას უარი. მათ შორის საუბარია თურქეთიდან და ინდოეთიდან ნავთობპროდუქტების მიწოდების ბლოკირებაზე, რომლებიც რუსული ნედლი ნავთობისგან ნავთობპროდუქტებს აწარმოებენ. RBC-Ukraine-ს ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა კრისტოფერ რაიტმა Euractiv-თან კომენტარში განაცხადა.
აშშ-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმების ერთ-ერთი პირობა ისაა, რომ ევროპა მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 250 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული ენერგიის იმპორტს განახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ რიცხვს „არარეალისტურს“ უწოდებენ, რაიტი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლებელია.
მისი აზრით, ამ თანხის ორი მესამედის დაფარვა შესაძლებელია რუსული ენერგორესურსებისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვით იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ - პირველ რიგში, თურქეთიდან და ინდოეთიდან.
„ევროკავშირისა და აშშ-ის სავაჭრო შეთანხმების მიზნების მიღწევა ევროკავშირის მხრიდან გაცილებით სწრაფ მოქმედებას მოითხოვს, ვიდრე ეს 2027 წლის გასვლის საბოლოო ვადით არის გათვალისწინებული, რათა ენერგოიმპორტის მხრივ კრემლზე დამოკიდებულება დასრულდეს“, - აღნიშნავს გამოცემა.
რაიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ თავს ცენტრალური ენერგომომწოდებლის როლში აყენებს. და ეს მხოლოდ ევროკავშირისთვის მიწოდებას არ ეხება.
„ამერიკის უზარმაზარი და უხვი ენერგეტიკული რესურსები საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ მთავარი ენერგომომწოდებელი ჩვენი მოკავშირეებისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებიც ადრე ყიდულობდნენ ნავთობს, გაზს და სხვა ტექნოლოგიებს თავიანთი მოწინააღმდეგეებისგან“, - განაცხადა ამერიკელმა მინისტრმა.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, ის დიდი რაოდენობით რუსულ ნავთობს ყიდულობს. ნავთობი გადამუშავდება თურქეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებში, შემდეგ კი ნავთობპროდუქტების სახით ევროკავშირის სხვა ქვეყნებში იყიდება.
ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ „სერიოზული“ სანქციები დააწესოს, თუმცა ნატოს ქვეყნებმა რუსეთიდან ენერგორესურსების შესყიდვა უნდა შეწყვიტონ. აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპა გააკრიტიკა რუსეთის წინააღმდეგ „საკმარისად მკაცრი“ სანქციების არ დაწესებისა და რუსული ნავთობის შესყიდვის გაგრძელების გამო.