აშშ-ის ელჩი ნატოში: ტრამპმა შესაძლოა, რუსეთს ომის დაფინანსების შესაძლებლობა წაართვას

ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტეკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კვლავ აქვს ბერკეტები, რათა დიპლომატიური გზით დაასრულოს ომი უკრაინაში და შეუძლია, რუსეთს ომის დაფინანსების შესაძლებლობა ჩამოართვას. ამის შესახებ უიტეკერმა ამერიკულ ტელეარხ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
დიპლომატის თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, მომავალ კვირას რუსეთისა და მასთან საქმიანი ურთიერთობების მქონე ქვეყნების წინააღმდეგ მკაცრი სანქციები ამოქმედდება.
„მთავარი ის არის, რომ პუტინმა თავისი ნავთობი უნდა გაყიდოს. ის მას ჩინეთთან ყიდის, ინდოეთთან ყიდის, ბრაზილიასთან ყიდის. ამ ქვეყნებს ახლა საკმაოდ დიდი გავლენის ბერკეტები აქვთ, რადგან ისინი რუსეთთან ბიზნესს აკეთებენ და რუსეთს მეგობრები არ ეყოლება. მას სავაჭრო პარტნიორები არ ეყოლება და მისი უნარი ამ ომის დასაფინანსებლად ამოიწურება“, - განაცხადა უიტეკერმა.
მან დასძინა, რომ ეს საბოლოოდ რუსეთს აიძულებს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.
„ორივე მხარემ უნდა მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც, სავარაუდოდ, მათთვის იდეალური არ იქნება, მაგრამ, ამავდროულად, მკვლელობები უნდა შეწყდეს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ნატოში.
უიტეკერი ასევე არ ფიქრობს, რომ მკაცრი ამერიკული სანქციები აშშ-ის ორ მოწინააღმდეგეს, რუსეთსა და ჩინეთს, დააახლოებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები ყველა კარტს ფლობს. და რაც მთავარია, ყველა კარტი დონალდ ტრამპის ხელშია. ეს არ არის მისი ბოლო ვარიანტი. თუ ჩინეთს და რუსეთს სურთ, შეუერთდნენ სამყაროს, რომელიც იცავს წესებს, არ ესხმის თავს სხვა ქვეყნებს, არ კლავს და არ ქმნის ქაოსს, მაშინ მათ მივესალმებით“, - დასძინა უიტეკერმა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა კრემლს 10 დღე მისცა უკრაინის წინააღმდეგ ომის მშვიდობიანი გზით დასასრულებლად. თუ ეს 8 აგვისტომდე არ მოხდება, აშშ კრემლის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებას გეგმავს.