Loading data...
აშშ-ის ელჩი ნატოში: ევროპა ჩვენი პრიორიტეტების სიაში მეოთხე ადგილზეა

ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიის შესაბამისად, ევროპა ამერიკის ეროვნული პრიორიტეტების სიაში მხოლოდ მეოთხე ადგილზეა.

უიტეკერმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ნატოში წამყვან როლს ასრულებს და საჭირო რესურსებს უზრუნველყოფს. თუმცა, მან მოკავშირეებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიას.

„ეს არის ფუნდამენტური დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ფილოსოფიას. და ამ ეტაპზე, ეს ფილოსოფია არის ის, რომ ჩვენი პირველი პრიორიტეტი, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სამშობლოა. მეორე არის ჩვენივე ნახევარსფერო, დასავლეთ ნახევარსფერო. მესამე არის წყნარი ოკეანის რეგიონი და მეოთხე არის ევროპა“, - განაცხადა უიტეკერმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ თავის საქმიანობაში პრიორიტეტები სწორედ ასე გაანაწილა, ეს არ ნიშნავს, რომ აშშ ევროპას ტოვებს.

„ჩვენ უბრალოდ ვთხოვთ ევროპელებს, რადგან ჩვენ, როგორც იცით, უკან არ ვიხევთ , გადადგან ნაბიჯი წინ, წამოგვეწიონ და შეგვხვდნენ იქ, სადაც ყველანი უნდა ვიყოთ“, - დასძინა მან ევროპელი მოკავშირეების თავდაცვის ხარჯების მოცულობის კონტექსტში.

უიტეკერმა, ასევე, აღნიშნა, რომ მომავალი გლობალური კონფლიქტის შემთხვევაში, წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მოქმედებები, შესაძლოა, ევროპაში რუსეთის მოქმედებების პარალელურად განვითარდეს, მათ შორის იმ ქმედებების, რომლებიც ევროპის კონტინენტზე აშშ-ის ყოფნის ბლოკირებისკენ იქნება მიმართული.