Loading data...
აშშ-ის ელჩი ნატოში აცხადებს, რომ მოკავშირეები, რომლებიც თავდაცვის ხარჯებს გაზრდიან, აშშ-ისგან მეტ სარგებელს მიიღებენ

აშშ-ის ნატოს წევრი მოკავშირეები, რომლებიც თავდაცვის ხარჯებს გაზრდიან, უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ, ხოლო მათ, ვინც აშშ-ის სამხედროებს თავიანთ ბაზებზე წვდომას უზღუდავენ, შეიძლება რთული მოლაპარაკებები ელოდოთ. ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, წერს Financial Times-ი. 

ნატოს ლიდერების სამიტი ანკარაში მომავალ კვირას გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოკავშირეებს მოუწოდებს, თავდაცვაზე მშპ-ის მინიმუმ 5% დახარჯონ და მათ, ვინც ამაზე უარს იტყვის, შედეგებით ემუქრება. 

ტრამპი ასევე უკმაყოფილოა იმ ქვეყნებით, რომლებმაც ირანის წინააღმდეგ ომში ჩართულ ამერიკულ თვითმფრინავებს თავიანთი საჰაერო სივრცის გამოყენება, ან ბაზებზე წვდომა შეუზღუდეს.

„თქვენ იცით, რომ ანკარა ნამდვილად იქნება 5%-იანი ვალდებულების შესრულების პროგრესის საორიენტაციო მაჩვენებელი. ჩვენ გვჯერა, რომ მათ, ვინც მეტ წვლილს შეიტანს, უნდა მიიღონ სარგებელი“, - აღნიშნა უიტაკერმა.

მან აღნიშნა, რომ გულისხმობს „შესაძლებლობებს, იქნება ეს ლიდერებთან შეხვედრებისთვის მეტი დრო, თუ შესყიდვებისა და მიწოდების პრიორიტეტი“.

„ამის მიღწევის მრავალი გზა არსებობს“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

უიტაკერმა ასევე განაცხადა, რომ ევროპაში განლაგებული ამერიკული ჯარების რაოდენობის გადახედვა მოხდება სამხედრო საფრთხეებისა და მათთან გამკლავების მოთხოვნების გათვალისწინებით და არ ექვემდებარება არავითარ „პოლიტიკურ გავლენას“.

უიტაკერის თქმით, ის საკითხები, რომლებზეც ზოგიერთი ქვეყანა, კერძოდ იტალია და ესპანეთი, ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ის დახმარებას არ ეთანხმება, ცალკე განიხილება.

„ჩვენ ასევე მოვილაპარაკებთ ჩვენს მოკავშირეებთან ბაზებზე წვდომის და მათი ტერიტორიების თავზე ფრენის საკითხებზე და უზრუნველვყოფთ, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოიყენებოდეს ბაზები“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ დასკვნები „ამ მოკავშირეებთან უნდა შეთანხმდეს“.