Loading data...
აშშ-ის „დემოკრატიულ პარტიაში“ კამალა ჰარისის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების კენჭისყრა დაიწყო

აშშ-ის „დემოკრატიულ პარტიაში“ კენჭისყრა დაიწყო, რომლის შედეგად უნდა გაირკვეს, გახდება თუ არა კამალა ჰარისი ამ პარტიის პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი. ელექტრონული კენჭისყრა 5 დღის განმავლობაში გაიმართება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

პარტიის ინფორმაციით, ჰარისს მისი დასახელების პროცესში მონაწილე დელეგატების 99%-ის მხარდაჭერა აქვს. „დემოკრატიული პარტიის“ საერთო ნაციონალური ყრილობა 19-22 აგვისტოს ჩიკაგოში ჩატარდება.

ამავდროულად აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისის მიმართ უკვე დააფიქსირა მწვავე პოზიცია. ტრამპი ამბობს, რომ ჰარისი დიდი ხნის განმავლობაში საკუთარ თავს ინდოელი წარმოშობის ადამიანს უწოდებდა და ახლა დაიწყო საკუთარ თავზე საუბარი, როგორ შავკანიანზე. „მე არ ვიცოდი, რომ ის შავკანიანია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ ის შავკანიანი არ გახდა. ახლა მას სურს, რომ ის შავკანიანად ჩათვალონ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თეთრ სახლში ტრამპის ამ განცხადებას „შეურაცხმყოფელი“ და „საშინელი“ უწოდეს. მანამდე ჰარისმა ტრამპზე საუბრისას განაცხადა, რომ პროკურორად მუშაობის პერიოდში ტრამპის მსგავსი ბევრი ადამიანი შეხვედრია.

კამალა ჰარისი კალიფორნიაში დაიბადა. მამამისი იამაიკიდან არის, ხოლო დედა აშშ-ში ინდოეთიდან ჩავიდა.