აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში ავიამიმოსვლის შეფერხებები 15 ნოემბრის გვიან საღამომდე გაგრძელდება
აშშ-ის საჰაერო მიმოსვლა, სავარაუდოდ, 15 ნოემბრის გვიანობამდე არ დაუბრუნდება ჩვეულ განრიგს - განაცხადა აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. საავიაციო სისტემა ეტაპობრივად აღდგება მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით ფრენები შეჩერდა. ოფიციალური პირების განმარტებით, მიზეზი გეგმური ტექნიკური სამუშაოების დროს წარმოქმნილი ხარვეზი გახდა. ამის შესახებ Reuters წერს.
საავიაციო ვებგვერდ FlightAware-ის მონაცემებით, 14 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 21:35 საათისთვის, ავიაკომპანიებმა აშშ-ში 6 400-ზე მეტი რეისი გააუქმეს, ხოლო 8 000-ზე მეტი გადაავადეს. ამას წინ უძღოდა 13 ნოემბერს დაახლოებით 9 200 რეისის გაუქმება და 7 500 რეისის გადადება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ საჰაერო მიმოსვლის საკომუნიკაციო სისტემებში შეფერხებების გამო, ქვეყნის მასშტაბით ფრენების შეჩერების ბრძანება გასცა. FlightAware-ის ცნობით, 15 ნოემბრისთვის დაგეგმილი 875 რეისი უკვე გაუქმებულია.
ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბრაიან ბედფორდმა 14 ნოემბერს განაცხადა, რომ, მისი ვარაუდით, 15 ნოემბრის დღის ბოლოსთვის ავიაკომპანიების საქმიანობა, დიდწილად, ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. მან ასევე ბოდიში მოიხადა შექმნილი შეფერხებების გამო და დასძინა, რომ სისტემა სტაბილურად მუშაობს.
როგორც Reuters წერს, ეს არის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის ყველაზე ხანგრძლივი შეჩერება.
აღნიშნულთან დაკავშირებით 13 ნოემბერს თეთრმა სახლმა „სიტუაციურ ოთახში“ საგანგებო შეხვედრა გამართა, ფედერალური უწყებები კი ცდილობდნენ, დაედგინათ, ხომ არ ჰქონდა ადგილი კიბერშეტევას. თუმცა, როგორც ტრანსპორტის მდივანმა შონ დაფიმ მოგვიანებით განაცხადა, პრობლემა გამოიწვია აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის კონტრაქტორი კომპანიის L3Harris-ის მიერ ერთ-ერთ დისტანციურ ობიექტზე სულ მცირე ერთი ახალი როუტერის დამონტაჟებამ.
„ვცდილობთ, დავადგინოთ, ჰქონდა, თუ არა ადგილი არაკომპეტენტურობას — ანუ, იყო ეს მომხმარებლის შეცდომა, კომპანია L3Harris-ის ხელოსნის შეცდომა, თუ მათ უბრალოდ გაუმართავი როუტერი დაამონტაჟეს? ჯერჯერობით ვერ დავადგინეთ, რა იყო ხარვეზის მიზეზი“, — განაცხადა დაფიმ პრესკონფერენციაზე.
კომპანია L3Harris-მა განაცხადა, რომ საკითხს სერიოზულად ეკიდება და ავიაციის ფედერალურ ადმინისტრაციას გამოძიების პროცესში დახმარებას უწევს.