აშშ ირანზე ეკონომიკურ ზეწოლას აძლიერებს - სანქციები თურქეთში მოქმედ 3 კომპანიას შეეხო
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანთან დაკავშირებული ახალი სანქციები დააწესა, რომლებიც თურქეთში დაფუძნებულ სამ კომპანიას შეეხო. წერს Times of Israel-ი
სანქციები დაუწესდა შემდეგ კომპანიებს: Golden Global Portfoy Yonetimi Anonim Sirketi, Golden Global Varlik Kiralama Anonim Sirketi და Golden Global Yatirim Bankasi Anonim Sirketi.
ფინანსთა სამინისტრო, ასევე, გასცემს ზოგად ლიცენზიას, რომელიც საშუალებას იძლევა, რათა სანქცირებულ ორგანიზაციებთან ტრანზაქციების შეწყვეტა მოხდეს.
როგორც მედია წერს, ეს გადაწყვეტილება ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების მიმართულებით ტრამპის ადმინისტრაციის უახლესი ნაბიჯია. ვაშინგტონისა და თეირანის ომიდან ექვსი თვის შემდეგ, კონფლიქტმა მსოფლიოში ენერგომატარებლების ფასების ზრდა გამოიწვია.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა, რომელმაც გასულ თვეში გამოაცხადა „ეკონომიკური შეტევა“ ირანის ფინანსური კავშირების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში, აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიზანია, თეირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს.
გასულ კვირას ვაშინგტონმა ეგვიპტურ ბანკ Banque Misr-ს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ფილიალებს აშშ დოლარში ტრანზაქციების განხორციელება შეუზღუდა, ირანთან მათი საქმიანობის გამო.
ბესენტმა კვირას Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო, სავარაუდოდ, ყოველ კვირას ახალ სანქციებს დააწესებს. თავდაპირველად ყურადღება ბანკებზე იქნება გამახვილებული, რაც ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების უფრო ფართო კამპანიის ნაწილია.