აშშ ირანში პოტენციური სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება
ამერიკელი სამხედროები ირანში პოტენციური სამხედრო ოპერაციისთვის ემზადებიან, რომელმაც, შესაძლოა, რამდენიმე კვირა გასტანოს. ინფორმაციას Reuters ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სამხედრო ოპერაცია დაიწყება მაშინ, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამის ბრძანებას გასცემს. ეს, შესაძლოა, ირანთან ყველაზე სერიოზული სამხედრო დაპირისპირება აღმოჩნდეს.
როგორც ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, აღნიშნული გარემოება აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების ფსონს ზრდის.
მანამდე, ამერიკულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში ახალ ავიამზიდს აგზავნის, რომლის ბორტზე ათასობით ჯარისკაცი, გამანადგურებლები, მართვადი რაკეტებია.
Reuters-ის ცნობით, პარასკევს, 13 თებერვალს ჩრდილოეთ კაროლინის სამხედრო ბაზაზე სამხედროებთან შეხვედრის დროს ტრამპმა განაცხადა: „ირანთან შეთანხმების დადება რთული იქნებოდა“.
„ხანდახან საჭიროა გეშინოდეს. მხოლოდ მაშინ შეძლებ ვითარების დალაგებას“, - აღნიშნა ტრამპმა.
სააგენტომ შესაძლო სამხედრო ოპერაციისთვის მზადების შესახებ კითხვით თეთრ სახლს მიმართა. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ანა კელიმ განაცხადა: „პრეზიდენტი ტრამპი ირანთან მიმართებით მოქმედებების ყველა ვარიანტს განიხილავს“.