Loading data...
აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დღეს გამოაცხადებს

შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დღეს, 24 აგვისტოს, გამოაცხადებს, რასაც ვაშინგტონი „მსოფლიოს ისტორიაში კოორდინირებული ეკონომიკური იზოლაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას“ უწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა Financial Times-ს განუცხადა.

24 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადებს.

„ჩვენ ახლა საბოლოო ფაზაში შევდივართ. გამთენიისას დაიწყება „ეკონომიკური D-დღე“ - მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ოდესმე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ფინანსური შეტევა. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ჩვენი მიზანია, გადავჭრათ ყველა ეკონომიკური არტერია, რომელიც მხარს უჭერს ტირანულ რეჟიმს, სანამ თეირანი მარტო არ დარჩება“, - განაცხადა ბესენტმა.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა მიანიშნა, რომ ამერიკული სანქციების სამიზნე შესაძლოა, გახდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ირანს არსებული შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებიან, კერძოდ, ირანული ნავთობის ტრანსპორტირებისა და შესყიდვის კუთხით.

„ისინი თვალს ხუჭავენ საწვავის საზღვაო გადაზიდვებსა და მათი ბანკების უკანონო გამოყენებაზე, ამავდროულად, მალავენ თავიანთი თანამონაწილეობის ხარისხს... მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ქვეყნები მიიჩნევენ, რომ რეჟიმისთვის დათმობები უფრო უსაფრთხო გზაა. თუმცა ისინი უნდა დაფიქრდნენ ასეთი რეჟიმის მხარდაჭერის შედეგებზე“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.