აშშ და ირანი პაკისტანის ოფიციალური პირების შუამავლობით სამმხრივ მოლაპარაკებებს მართავენ
ისლამაბადში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის პაკისტანის შუამავლობით სამმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა.
სამმხრივი მოლაპარაკებები პირისპირ იმართება აშშ-ს, პაკისტანსა და ირანს შორის, განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და მრჩეველთან ჯარედ კუშნერთან ერთად.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული სიის მიხედვით, მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ ვენსის ორი მთავარი მრჩეველი - მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ენდრიუ ბეიკერი და აზიის საკითხებში სპეციალური მრჩეველი მაიკლ ვენსი.
ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებული გამოცემის Tasnim-ის ცნობით, ირანის დელეგაცია 71 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არიან მომლაპარაკებლები, ექსპერტები, მედიისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის დელეგაციას ასევე ახლავს „შესაბამისი სფეროების ამერიკელი ექსპერტების სრული შემადგენლობა“, ასევე, მოლაპარაკებების მხარდამჭერი „დამატებითი ექსპერტები“.
აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები მყიფე ცეცხლის შეწყვეტის ფონზე მიმდინარეობს. მხარეები ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე 7 აპრილს შეთანხმდნენ.